საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე | აარონ იაკობიშვილი უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე | აარონ იაკობიშვილი უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT

აარონ იაკობიშვილი უნგრეთის ეროვნული ნაკრების სახელით ითამაშებს, – ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთი მარტში საკუთარ მოედანზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 28 მარტს „პუშკაშ არენაზე“ სლოვენიას უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ – საბერძნეთს. უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ გუნდში სამი ახალი მოთამაშე მიიწვია, მათ შორის – ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდის, „ანდორას“ მეკარე აარონ იაკობიშვილი.

აარონ იაკობიშვილი 20 წლისაა. ის ბუდაპეშტში დაიბადა. მისი მამა საქართველოშია დაბადებული, მას საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, დედა კი უნგრელია. მისი უფროსი ძმა, ანტალი, ასევე ფეხბურთელია – ამჟამად ესპანურ კლუბ „ტენერიფეში“ თამაშობს, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები „ჟირონას“ ეკუთვნის.

აარონ იაკობიშვილმა ერთი სეზონი „მტკ ბუდაპეშტში“ გაატარა, რის შემდეგაც 2017 წელს ესპანეთში გადავიდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ, მცირე ხნით სამოყვარულო კლუბ „ატლეტიკ სანტში“ თამაშობდა, ხოლო მომდევნო წელს „ბარსელონაში“ სინჯებზე მივიდა და კატალონიურ გრანდში ჩაირიცხა.

კლუბის აკადემიის გავლის შემდეგ, იაკობიშვილმა კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი 2022 წლის თებერვალში გააფორმა, ხოლო ერთი თვის შემდეგ უკვე „ბარსელონას“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. 2023 წლის 11 ოქტომბერს გამოცემა „გარდიანმა“ იაკობიშვილი 2006 წელს დაბადებულ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2025 წლის 15 ივლისს მან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ლა ლიგა 2-ის კლუბ „ანდორასთან“.

იაკობიშვილი უნგრეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. 2023 წლის ივნისში ისრაელის გამოცემა Sport5-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაკობიშვილმა და მისმა ძმამ ისრაელის მოქალაქეობის მიღება მოითხოვეს, რათა ქვეყანა საერთაშორისო დონეზე წარმოედგინათ.

მსგავსი ინტერესი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდანაც იყო, თუმცა იაკობიშვილების აგენტი ამ ინფორმაციას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ძმებს საერთაშორისო დონეზე უნგრეთის წარდგენა სურთ.

საქართველოს ნაკრები უნგრეთს ერთა ლიგაზე 2 ოქტომბერს და 14 ნოემბერს შეხვდება.