საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ ტონგას მეფეს, ტუპოუ VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა, რითაც საქართველოს პირველი სრულუფლებიანი ელჩი გახდა ტონგაში (რეზიდენციით ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში).
საელჩოს ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია დღეს დილით, ნუკუ’ალოფაში, სამეფო სასახლეში შედგა. საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტონგას მთავრობის უმაღლეს პირებთანაც.
ტუპოუ VI-სთან აუდიენციაზე, გიორგი დოლიძემ ხაზი გაუსვა ქართული მხარის სურვილს, ტონგასთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ერთიანი ფასეულობების კვალდაკვალ, რაგბისადმი გამორჩეული სიყვარული ორივე ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს.
ტონგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამუელა აკილისი პოჰივასთან და ტონგის ჯანდაცვის მინისტრთან, საია პიუკალასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და მათი გაღრმავების გზები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის სფეროების ფართო სპექტრზე, მათ შორისაა: თანამშრომლობა სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში, სამართლებრივი ბაზის განვითარება, ეკონომიკა, განათლება, სპორტი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და სხვა. ტონგას მხარეს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.
თავის მხრივ, ტონგას პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ტონგას მხარის გამოკვეთილ სურვილს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
ვიზიტისას, საქართველოს ელჩი ასევე საგარეო საქმეთა მუდმივ მდივანს, მაჰე ტუპოუნიუას შეხვდა. ამასთან, დაგეგმილია მისი შეხვედრები ტონგას სამეფოს პარლამენტის სპიკერთან, ლორდ ტუ’ილაკეპასთან და ქალაქ ნუკუ’ალოფაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.