საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრებმა ცოტა ხნის წინ გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღეს. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი: შოთა მიშველიძე, რევაზ დავითაძე, ანასტასია ჰოტფრიდი და ლაშა ტალახაძე დაიცავენ.
ქართველთაგან პირველი ფიცარნაგზე 2017 წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე ჩაერთვება. შოთა 62 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში იასპარეზებს და მისი შეჯიბრი ხუთშაბათს, 30 ნოემბერს თბილისის დროით დილის 07:55 საათზე დაიწყება.
3 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე იასპარეზებს რევაზ დავითაძე. 2017 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 85 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში გამოვა.
სამშაბათს, 5 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 07:55 საათზე დაიწყება ანასტასია ჰოტფრიდის გამოსვლა. იგი ქალთა 90 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში მოსინჯავს ძალებს.
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ტურნირის დასკვნით დღეს გამოვა. იგი +105 კილოგრამ კატეგორიის A ჯგუფში იასპარეზებს და მისი გამოსვლა ოთხშაბათს, 6 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:25 საათზე დაიწყება.