საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის - ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის - ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს 77-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. 1/2 ფინალში თამაშის უფლება თორნიკე სანიკიძემ, მიხეილ მჭედლიშვილმა, გიგა ყუფარაძემ და დავით ჯოჯუამ მოიპოვეს.

დღეს დამატებით პარტიებში მიხეილ მჭედლიშვილმა დავით მაღალაშვილს სძლია, ხოლო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკემ, ნიკა კაჭარავამ, რომელმაც პირველ ტურში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა, დღეს გიგა ყუფარაძესთან წააგო.

ხვალ 1/2 ფინალური ეტაპის პირველი პარტიები გაიმართება. მჭედლიშვილი სანიკიძის, ხოლო ყუფარაძე ჯოჯუას მეტოქე იქნება.