საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 14 თებერვალს ჩატარდება
14 თებერვალს, წოდორეთში „ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმში“ საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ჩატარდება. ეს არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული ეროვნული ფედერაცია, მსოფლიო ბეისბოლის/სოფტბოლის კონფედერაციის (WBSC), ევროპის ბეისბოლის კონფედერაციის (CEB) და ევროპის სოფტბოლის ფედერაციის (ESF) სრულუფლებიანი აღიარებული წევრი, რომელიც ქვეყანაში აერთიანებს და მართავს სპორტის სამ დისციპლინას: „ბეისბოლი“, „სოფტბოლი“ და „ბეისბოლ 5“ (დარბაზის ბეისბოლი);
საქართველოში ბეისბოლი 1986 წელს შემოვიდა. შეიქმნა პირველი ბეისბოლის გუნდები „ივერია“ და „მერანი“. ისინი წარმატებით ასპარეზობდნენ სსრკ-ს პირველობაზე და 1988-90 წწ-ში კუბაში ბეისბოლის პირველი საერთაშორისო მატჩებიც გამართეს. მოგვიანებით, 1992-95 წწ-ში დაემატა კლუბები „კოტრა“და „ლელიანი“, ამ უკანასკნელმა ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
1988 წელს თბილისში ბავშვთა ახალი ბეისბოლის სკოლა გაიხსნა, რომელშიც წარმატებულად მოღვაწეობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე. მისმა აღზრდილებმა სხვადასხვა დროს დიდ წარმატებებს მიაღწიეს. იყო უამრავი საპრიზო ადგილი სხვადასხვა ტურნირში, რომელთაგან აღსანიშნავია ბავშვთა საერთაშორისო ლიგის (Little League Int) ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის (Europe, Middle East, Africa Championship-EMEA) – ორგზის ჩემპიონობა. ბავშვთა ლიგის (Little League Int) მსოფლიო სერიის 16 წ-მდე და 18 წ-მდე (World Series U16, U-18) მონაწილეობა კონტინენტალური ჩემპიონის რანგში აშშ-ში, სადაც დაამარცხეს მსოფლიოს ვიცეჩემპიონი – პანამის ნაკრები; აგრეთვე, 2009 წელს „მონალიზას თასი“ მოიპოვეს. იზეიმეს ჩემპიონობა – ტოსკანას სერია U21 (არეცო, იტალია).
სოფტბოლი ხუთი წლით გვიან, 1991 წელს შემოვიდა საქართველოში. სპორტის ამ სახეობაში ძირითადად გოგონები არიან ჩართულები, რომელთაც 90-იან და 2000-იან წლებში ჰქონდათ საერთაშორისო წარმატებები ჰოლანდიასა და უკრაინაში.
2016 წლიდან ქართული ბეისბოლი დაბრუნდა საერთაშორისო ასპარეზზე, მონაწილეობს ევროტურნირებში და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილს იკავებს. საქართველოში ტარდება ახალგაზრდული და ეროვნული ჩემპიონატები, სადაც ვაჟებთან ერთად გოგონებიც აქტიურად არიან ჩართულნი, თბილისის, იმერეთისა და სვანეთის რეგიონებიდან.
რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს, წარმოდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატის, ბეისბოლის ყოფილი მოთამაშის, გიორგი (გოგა) დათუნაშვილის განაცხადი. იგი 2008 წლიდან დღემდე ეროვნულ ფედერაციაში იყო არჩეული ვიცეპრეზიდენტის და გენერალური მდივნის პოზიციებზე.