„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში აცხადებს, რომ დანაშაული მარტო ჩაიდინა და საკუთარ ქმედებას ნანობს
„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში აცხადებს, რომ დანაშაული მარტო ჩაიდინა და საკუთარ ქმედებას ნანობს

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში განმარტავს, თუ რატომ ითხოვდა ის ფულთან და ვერტმფრენთან ერთად, რუსეთის დროშასა და ანკესს.

მისივე თქმით, დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირი არ მონაწილეობდა. ამასთან, ჩვენებაში გრიგოლ ნარსია აღნიშნავს, რომ საკუთარ ქმედებას ნანობს.

„ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი, „მულიაჟი“.  ბანკის თანამშრომლებს მოვსთხოვე, ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, რაც მეცოტავა. ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, თავისი უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვსთხოვე, რომ მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ ორი მილიონი აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი მოეტანათ ჩემთვის. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა, დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა და ანკესი, რათა საზღვრის გადაკვეთისას, დროშა მასზე დამემაგრებინა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, რაზეც ვუპასუხე, რომ მქონდა და  ფულის წაღებას შევძლებდი. ამავე დროს, უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს. ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა ჩემი გაკავება მოახერხეს. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს. ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა ტარების ფაქტს, ჩემ მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ. ყველაფერი მარტო ჩავიდინე. დანაშაულში სხვა პირს რაიმე ფორმით თანამონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ.

რაც შეეხება ადვოკატების მოთხოვნას, რომ გრიგოლ ნარსიას დაკავებისას მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უნდა გამოიკითხოს, ნარსია ამბობს, რომ დაზიანებებზე პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ აქვს.

„აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებთან პრეტენზია არ არ მაქვს“, – აღნიშნა ნარსიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.