გრიგოლ ნარსიას ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოკითხვას ითხოვს
გრიგოლ ნარსიას ადვოკატი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოკითხვას ითხოვს

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი დალი სულაქველიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შედეგად მიყენებული დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უნდა გამოიკითხოს.

სულაქველიძის თქმით, სწორედ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ნარსიამ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ადვოკატის განცხადებით, სწორედ ის უნდა გამოიკითხოს.

დალი სულაქველიძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, სულაქველიძის თქმით, საქმის მასალებს მას დღეს გადასცემენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგენა დღესვე უნდა მოხდეს, რის შემდეგაც ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, არის თუ არა დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა დაკავების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გასარკვევია, იყო თუ არა აუცილებელი, მას მიყენებოდა ის დაზიანებები, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება“, – განაცხადა დალი სულაქველიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.