საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი რუსეთის წინააღმდეგ - ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა უეფა-ში
ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა – 2020 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპებისა და ელიტ-რაუნდის წილისყრა უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა.
2020 წლის ევროპის ჩემპიონატების ელიტ-რაუნდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიც გავიდა და 19-წლამდელებიც. გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელები ელიტ-რაუნდში მე-6 ჯგუფში უძლიერეს მეტოქეებთან – ინგლისთან, ბელგიასთან და რუმინეთთან მოხვდნენ. ელიტ-რაუნდს ბელგია 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის 19-წლამდელებს ელიტ-რაუნდში არანაკლებ ძლიერი მეტოქეები შეხვდა. მე-3 ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი. მატჩებს საფრანგეთი 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს უმასპინძლებს.
ამავე დროს, გაიმართა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის წილისყრაც. მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ბელგია, უკრაინა და ლიეტუვა იქნებიან, ჯგუფს კი თბილისი უმასპინძლებს. გიორგი მიქაძის 19-წლამდელები კი ხორვატიაში გაემგზავრებიან და მასპინძელთა გარდა, ლატვიასა და ყაზახეთს შეხვდებიან.