საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები უელსთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და უელსთან 0:4 დამარცხდა.
B ლიგის პირველი რაუნდი ქართველმა გოგონებმა გამარჯვებით დაიწყეს. სადებიუტო შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0.
მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე უფრო ძლიერი უელსი გახლდათ. ანგარიში 38-ე წუთზე შარლოტა უილიამსმა გახსნა. 4 წუთში არბიტრმა ჩვენი შემტევი თინათინ ამბალია მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევა.
უელსელებმა ამით ისარგებლეს და 45+3-ე წუთზე ემილი კოულის დარტყმით უპირატესობა გაზარდეს, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს – 62-ე წუთზე თავი ფიონ ბოუენმა გამოიჩინა, ხოლო 66-ზე საბოლოო ანგარიში თიგან სკარლეტმა დააფიქსირა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა ბოსნიამ ლიეტუვა 5:0 დაამარცხა, მაგრამ პირადი თამაშით ჩამორჩება ამავე ქულით მეორეზე მყოფ საქართველოს ნაკრებს, რომელიც პირველი რაუნდის დასკვნით შეხვედრას 2 დეკემბერს, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, 16:00 საათზე გამართავს.
პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი გადავა.