საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მეორე მატჩი ხორვატიასთან გამართა და 7:0 დამარცხდა.
B ლიგის მეხუთე ჯგუფში პირველი შეხვედრა ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა მასპინძელ ბულგარეთთან 1:2 წააგო. ხორვატიის ნაკრებმა კი ანგარიში მე-2 წუთზე ბარბარა ჟივკოვიჩის გატანილი სწრაფი გოლით გახსნა. შემდეგ ბალკანელებმა უპირატესობა ტეა ვრაჩევიჩის (18), ნინი ბერიძის ავტოგოლით (34) და ვალენტინა დუბრავიცას (40) გოლებით გაზარდეს და პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ მეტოქემ საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების კარი კიდევ სამჯერ აიღო – მიკაელა ცინდრიჩის (47), პაულა პეტკოვიჩის (54) და ბარბარა ჟივკოვიჩის (65) გოლებით ხორვატიამ საბოლოოდ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 7:0.
საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 31 ოქტომბერს ლატვიის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.