საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთს დაუზავდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთს დაუზავდა

მოგება და ფრე, – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა სპარინგები ხანმოკლე ბულგარულ შეკრებაზე, რომლის ფარგლებშიც ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი შეხვედრა „ბოიანის“ საფეხბურთო ბაზაზე 2:0 მოიგო. შემდეგ მატჩსაც ბულგარეთის ეროვნული ნაკრების სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა და 1:1 დასრულდა. ბულგარელებს წაგებისთვის რევანშის აღება სურდათ და შეხვედრა უფრო აქტიურად დაიწყეს. მათ სტუმართა მეკარე ლუკა ხარშილაძე რამდენჯერმე შეაწუხეს და 45-ე წუთზე ასენ დონჩევმა ანგარიში გახსნა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობა და ანგარიში ბულგარელთა მეკარის შეცდომის ხარჯზე აღადგინა: 83-ე წუთზე, ბულგარელთა კიპერი სვიატსლავ ვუცოვი წინ დაუფიქრებლად გამოვიდა, სტუმართა შემტევი წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც ირაკლი აზაროვმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.