საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩი მოიგო და პლეიოფში გასვლის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. საქართველოს კონკურენტად ირლანდია დარჩა, რომელმაც დღეს დანია დაამარცხა და უკრაინის მსგავსად, ოთხი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგება-წაგება აქვს. ხვალ, ჯგუფის ბოლო მატჩში, საქართველო ირლანდიას ხვდება და თუ გაიმარჯვა, პლეიოფში გავა, არადა, ჯგუფიდან გასვლის საკითხს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს, რისი დაანგარიშებაც ახლა ცოტა ნაადრევია.

საქართველომ უკრაინა ღირსეულ, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. სლავები კარგად გამოიყურებოდნენ, მთელი თამაშის განმავლობაში ღირსეულად გვეპაექრებოდნენ და მხოლოდ ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში გატყდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და სწორედ მაშინ ითამაშეს შედეგიანად, როცა მატჩის ბედი წყდებოდა.

პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ, მესამე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა გაქცევა მოაწყო, რაც ძირითადად გუნდური თამაშით იყო განპირობებული. ბურთების უმეტესობა კი აღნიშნულ პერიოდში რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო და საქართველომ ათწუთეულის ანგარიშით 27:17 მოგებით ბოლო პერიოდის წინ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 64:54.

ბოლო პერიოდში ქართველებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და უკრაინელთა ყველა მცდელობა, ვითარება შეეცვალათ, ჩანასახშივე ჩაახშეს. მაქსიმუმი, რასაც სლავებმა მიაღწიეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 85:73 მოიგო და ჯგუფში დაუმარცხებელ ჩრდილოეთ მაკედონიის ზურგსუკან მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო რატი ანდრონიკაშვილი. 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ანზორ ნადირაძემ. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ალექსანდრე მერკვილაძემ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ლაშა მიქელაძემ კი შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, 31 ივლისს, ირლანდიასთან გამართავს.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია