საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის თანატოლთა გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ დაასრულა – 1:1.
რამდენიმე დღის წინ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქართველმა 16-წლამდელებმა 1:0 მოიგეს.
რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ მეორე თამაშში ბალკანელები 47-ე წუთზე ადმირ ლატიფის გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონასწორობა 90-ე წუთზე აღადგინეს – რეზი დანელიას დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე დანელიამ მაინც გაიტანა.
მატჩის დასასრული ემოციური გამოდგა. არბიტრმა დამატებულ მე-6 წუთზე მოედნიდან სამი მოთამაშე გააძევა – სტუმართაგან ონურ ბეშირი და ზლატკო რადევსკი, ქართველებიდან კი – ვახტანგ სალია.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შემოდგომაზე იბრძოლებს. გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.