საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უზბეკეთთან დამარცხდა - ჩვენი გუნდის რიგებიდან გოლი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და უზბეკეთთნ 1:4 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ 42-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძის პასით ისარგებლა, ანგარიშის გახსნა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე უზბეკებმა ანგარიში გაათანაბრეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. თავი ასილბეკ ალიევმა გამოიჩინა, რომელმაც ჯერ წონასწორობა აღადგინა (46), შემდეგ კი დუბლი (68) შეასრულა. მატჩის ბოლოს გოლები სადირ კამალოვმა (71) და ლაზიზ აბდურაიმოვმა (83) გაიტანეს.
სანდრო კობახიძის გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მეტოქე B ჯგუფის მონაწილე გუნდი იქნება, რომელიც მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.