საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინელ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უცხოეთში სელექცია ჩაატარა და გუნდში საინტერესო ახალგაზრდები მიიწვია – მცველი საბა გოგიძე („სევილია“, ესპანეთი), ნახევარმცველები გიორგი ჩიქობავა („დაუნთაუნ იუნაიტედი“, აშშ), დემეტრე ბაკურია („პანათინაიკოსი“, საბერძნეთი) და თავდამსხმელი ლუკა შვანგირაძე („რაპიდი“, ავსტრია).
შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა. ერთადერთი ბურთი სტუმრებმა 38-ე წუთზე გაიტანეს — თავი კრისტიან განეამ გამოიჩინა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთს მეორედაც დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა 4 ნოემბერს ისევ რუსთავში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.