საქართველო-ყაზახეთის შეხვედრის ღია ჩვენება ოთხ რეგიონში გაიმართება
საქართველო-ყაზახეთის შეხვედრის ღია ჩვენება ოთხ რეგიონში გაიმართება

19 ნოემბერს, საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის დიდ ეკრანთან ჩვენება საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

საქართველო – ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებს ბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სკვერში ეკრანი, შესაბამისი აპარატურა და დასაჯდომი ადგილები მოეწყობა.

იმერელ გულშემატკივარს მატჩის ხილვა შეეძლება ქუთაისის ცენტრში, მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის უკვე მოეწყო შესაბამისი ადგილი რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში. ამინდიდან გამომდინარე,ჩვენება დახურულ სივრცეში, კოსტავას 48 ნომერში მდებარე „ჰილს პლაზაში“ გაიმართება. რაჭის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდებიან.

კიდევ ერთი საფეხბურთო წერტილი იქნება თელავშიც, გულშემატკივარს საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების საფეხბურთო ატმოსფეროში ხილვის საშუალება თეატრთან არსებულ მონიტორზე შეეძლება.