საქართველო-ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.
სპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველო-ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებსბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სკვერში ეკრანი, შესაბამისი აპარატურა და დასაჯდომი ადგილები მოეწყობა. ქუთაისის ცენტრში, მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეეძლება მატჩის ხილვა იმერელ გულშემატკივარს. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან. რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში უკვე მოეწყო შესაბამისი ადგილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ამინდიდან გამომდინარე, ჩვენება დახურულ სივრცეში, ჰილს პლაზაში გაიმართება, რომელიც კოსტავას N48-ში მდებარეობს. რაჭის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდებიან. კიდევ ერთი საფეხბურთო წერტილი იქნება თელავშიც, თეატრთან არსებულ მონიტორზე, სადაც გულშემატკივარს საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების საფეხბურთო ატმოსფეროში ხილვა შეეძლება.
საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, „დინამო-არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.