საქართველო-ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს ოთხ რეგიონში გაიმართება

01:14, 17.11.2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

სპორტის სამინისტროს ცნობით, ​საქართველო-ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებსბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სკვერში ეკრანი, შესაბამისი აპარატურა და დასაჯდომი ადგილები მოეწყობა. ქუთაისის ცენტრში, მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეეძლება მატჩის ხილვა იმერელ გულშემატკივარს. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან. რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში უკვე მოეწყო შესაბამისი ადგილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ამინდიდან გამომდინარე, ჩვენება დახურულ სივრცეში, ჰილს პლაზაში გაიმართება, რომელიც კოსტავას N48-ში მდებარეობს. რაჭის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდებიან. კიდევ ერთი საფეხბურთო წერტილი იქნება თელავშიც, თეატრთან არსებულ მონიტორზე, სადაც გულშემატკივარს საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების საფეხბურთო ატმოსფეროში ხილვა შეეძლება.

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, „დინამო-არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი