„საქართველო XV“ - შეცვლილი გუნდით სერიის მეორე მატჩში
„საქართველო XV“ - შეცვლილი გუნდით სერიის მეორე მატჩში
„საქართველო XV“ ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს დღეს ავჭალის რაგბის სტადიონზე გამართავს. როგორც ქუთაისში, ამ მატჩზე დასწრებაც თავისუფალი იქნება.
ამ გუნდებმა პირველი მატჩი ოთხი დღის წინ „აია არენაზე“ გამართეს და მაშინ სტუმრებმა ანგარიშით 28:15 გაიმარჯვეს.
მას შემდეგ გუნდს „ბრივის“ ბურჯი ლუკა ჯაფარიძე შეუერთდა, რომელიც შარშან უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა (იაპონიასთან და შოტლანდიასთან).
მან საფრანგეთის პრო დე2-ის კლუბთან, რომელმაც წელს ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა, კონტრაქტი შარშან გააფორმა.
„პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ 3 ნომრის პოზიციაზე პრობლემა გვქონდა, რადგან დიდი 10-ის დასრულების შემდეგ მოთამაშეები ფორმაში არ არიან და ლუკა ჯაფარიძეს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. ვიმედოვნებ, რომ ის ხვალინდელი თამაშისთვის დიდ ძალას შეგვმატებს. რაგბიში შერკინება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და 4 დღის წინ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ვიმედოვნებთ, რომ შერკინებაში მთელი 80 წუთი დომინანტები ვიქნებით, რაც რევანშის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ.
მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში სულ 8 ცვლილებაა. ჯაფარიძე თამაშს მარჯვენა ბურჯად იწყებს, შეიცვალა მარცხენა ბურჯიც და ძირითადში ირაკლი ჩომახაშვილი იქნება. მეორე ხაზში სანდრო ქოიავას მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება, მესამე ხაზში ფლანკერად ალექსანდრე კალმახელიძე, ხოლო შემკვრელად ვანო ფუტკარაძე ითამაშებს.
სამი ცვლილებაა ხაზში. 9 ნომრად თამაშს კობა ბუჯიაშვილი იწყებს, ცენტრში გიორგი ნათელაშვილი დადგება, ხოლო ფულბეკად დავით გობეჯიშვილს ვიხილავთ. ამჯერად გუნდის კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი იქნება.
„ამ გუნდის მიზანია, დიდი 10-ის რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს მაღალი დონის თამაშების გამოცდილება და შედეგად ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. ყველა გამოძახებულმა მორაგბემ თავიდანვე იცოდა, რომ შანსს მიიღებდა და ეს ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – ამბობს ხამაშურიძე.
მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დიდი 10-ის მოთამაშეები ყოველდღიურად ვითარდებიან და ეს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან თამაშშიც გამოჩნდა:
„ჩვენთან სეზონი ადრე დასრულდა, ბიჭები ბურთთან გაუცხოებული იყვნენ და პირველ თამაშში ამან პრობლემები შეგვიქმნა. სათამაშო სისტემაში ჩავსხედით და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. ინგლისის საგრაფოების ძალიან კარგ ნაკრებთან თამაშში გამოჩნდა, რომ ჩვენი მორაგბეები მათ ბევრით არ ჩამორჩებიან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაკლდა ეროვნულ, 20-წლამდე და ეროვნულ 7-კაცაში გამოძახებული მოთამაშეები, ცუდად არ გვითამაშია და მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ ორი-ერთზე გადაცემა ჩაგვიჭრეს და იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ“.
ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ ხვალ თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება – „საქართველო XV“ რევანშის აღებას მოახერხებს:
„ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ამ დონის გუნდისგან შორს არ ვართ. გავიარეთ კონკრეტული დეტალები, ყველანი მოტივირებული არიან და მაქსიმალურად ვეცდებით რევანში ავიღოთ“.
სერიის მეორე მატჩი. თბილისი

11 ივნისი. ავჭალა. 18 საათი

 

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.