ირბინე მსოფლიოსთან ერთად! შეუერთდი გლობალურ მოვლენას! – ამ სლოგანით გაიმართა სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run. ეს უნიკალური საქველმოქმედო გარბენი აერთიანებს ექვსი კონტინენტს ერთი მიზნით – გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი.
„2014 წლიდან გარბენი კახეთში, ულამაზეს ლოკაციაზე ტარდებოდა და ეს დღე არ იყო მხოლოდ ქველმოქმედების ან სპორტის, ეს დღე იყო გართობის და დასვენების. სამწუხაროდ, მეორე წელია კახეთში ვერ ვიკრიბებიan, მაგრამ ერთმანეთზე ზრუნვა მოითხოვს, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და გავაგრძელოთ ტრადიცია,” – ასეთი იყო ორგანიზატორთა მიმართვა.
წელს მონაწილეებმა ირბინეს იქ, სადაც თავად გადაწყვიტეს. მონაწილეობდნენ 18 წელს ზევით სპორტსმენები, მოყვარულები, ეტლით მოსარგებლეები – როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით. საქართველოში გარბენში 180-მდე მონაწილე დარეგისტრირდა და რამდენიმე ლოკაციაზე ირბინეს.
ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე მსოფლიო რბენაში 2015 წლიდან მონაწილეობს. მისი გუნდის, „Ninikushka’s team”-ს წევრებმა კუს ტბის ბილიკებზე ირბენეს, მათ შორის – მომღერალმა და პირველი არხის გადაცემა „ახალი დღის“ ტელეწამყვანმა ელენე კალანდაძემ და მორაგბემ, სოსო მათიაშვილმა. გიორგი დანელიას გუნდმა „GD Squad”-მა ლოკაციად „დინამო არენა“ შეარჩია, სადაც მის გუნდს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი შეუერთდა. გიგა ძულიაშვილის და 2019 წლის კახეთის რბენის გამარჯვებულის, გაიანე უსტიანის გუნდმა Georgia- Rustavi-Jandari Lake ირბინა რუსთავში, ჯანდარის ტბის შორიახლოს.
მსოფლიო რბენის სხვა კეთილი ნების ელჩებმა ინდივიდუალური გარბენისთვის შემდეგი ლოკაცია შეარჩიეს: მოცურავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ბიატლსა და ტრიატლში ჰენრი კუპრაშვილმა – ლისის ტბა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა მირიან ჯეჯელავამ – დიღმის ტყე-პარკი, წიგნის გამომცემელმა და გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანმა მარი კორინთელმა – ბათუმის ბულვარი.
ღონისძიებას არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მის ნაცვლად სტარტიდან 30 წუთის შემდეგ მსვლელობას იწყებს (ვირტუალური) ფინიშის მანქანა, რომელიც მონაწილეების ინდივიდუალურ შედეგებს აღრიცხავს. გარბენში მონაწილეობის ინდივიდუალური და კორპორაციული შემოწირულობები სრულად ჩაირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.