საქართველო - რუმინეთის წინათქმა | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT
საქართველო - რუმინეთის წინათქმა | რაგბი ევროპის ჩემპიონატი #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის მეოთხე მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ შინ პირველია და ქართველი მორაგბეები ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი იბრძვის 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის, რომელსაც ნაკრები ამ და მომავალი სეზონის შედეგების მიხედვით დაიმსახურებს, თუმცა უდიდეს სარაგბო ფორუმთან ქართველები ბევრად ახლოს არიან.

მიმდინარე სეზონი 2021 წლის სეზონის პირველი სამი მატჩი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ითამაშა – ჯერ ლისაბონში პორტუგალია დაამარცხა (29:16), შემდეგ რთულ მატჩში ესპანეთს აჯობა (25:19), გასულ კვირას კი კალინინგრადში რუსეთთან გაიფორმა ბონუსი (23:6) და სატურნირო ცხრილს სათავეში 14 ქულით ჩაუდგა.

რუმინელებისთვის სეზონი წარუმატებლად, რუსეთთან მარცხით (13:18) დაიწყო, თუმცა შემდეგ, ქართველების მსგავსად დაამარცხა პორტუგალია (28:27) და ესპანეთი (22:16) და ცხრა ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მოექცა. დღეს გამარჯვების შემთხვეევაში „ბორჯღალოსნები“ ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმებენ, რადგან მეტოქეთათვის მიუწვდომელნი იქნებიან. მიუხედავად ამისა, ტურნირის დასკვნითი შეხვედრის შედეგს, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამომდინარე, მაინც ექნება მნიშვნელობა.

ურთიერთშეხვედრებში ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპაზე“ რუმინეთთან ბოლოს 2017 წელს, ერთ ქულიანი სხვაობით (8:7) დამარცხდნენ და მას შემდეგ „მუხის ფოთლებს“ ზედიზედ სამი თამაში მოუგეს, უშუალოდ ტურნირზე კი 18 შეხვედრიანი მოგებათა სერია აქვთ. შთამბეჭდავი იყო 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 41:13 მოიგეს.  გუნდებს ერთმანეთთან 23-ჯერ უთამაშიათ. აქედან 14 დაპირისპირება საქართველომ მოიგო, ცხრა კი რუმინეთმა. საგულისხმოა, რომ პირველი ცხრა დაპირისპირებიდან შვიდი „მუხის ფოთლებმა“ მოიგეს და სწორედ 2006 წლის შემდეგ დაიწყო „ბორჯღალოსნების“ დომინაცია.

შემადგენლობა

ტრავმირებული ნინინაშვილის ნაცვლად საქართველოს ნაკრების ფულბეკი გამოცდილი ლაშა ხმალაძე იქნება. ღერძი უცვლელია – ძირითადში გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. უცვლელია უკანახაზის დანარჩენი პოზიციებიც შუამარბებად გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, ფრთებზე კი გამოცდილი თოდუა და ახალგაზრდა ტაბუცაძე ითამაშებენ. ორი ცვლილებაა შეერკინებაში – ძირითადი კვაჭი შალვა მამუკაშვილია, ბურჯებად ბექა გიგაშვილი და გიორგი მელიქიძე გაირჯებიან. მეორე ხაზში კვლავ გიგაურის და ჯაიანის წყვილს ვიხილავთ. სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, შედეგად, გიორგი თხილაიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში მიხეილ გაჩეჩილაძე და თორნიკე ჯალაღონია არიან. სათადარიგოთა სკამზეა „ყოჩების“ ბურჯი ნიკა აბულაძე, რომელსაც სადებიუტო მატჩი ექნება.

დატოვე კომენტარი