საქართველო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ იტალიასთან დამარცხდა | ბუდაპეშტი 2020
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი დღეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთი უძლიერესი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით – 18:6 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს გუნდს ამ შედეგით კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.
ჩვენს ჯგუფში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც საბერძნეთმა მინიმალური სხვაობით – 12:10 საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი, დიდი ალბათობით რუსეთის ნაკრებთან გამართავს და ამ მატჩში გაირკვევა, მოხვდება თუ არა ჩვენი გუნდი კონტინენტის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის.
შეხვედრა 20 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო-იტალიის მატჩი იხილეთ ბმულზე
საქართველო-იტალიის მატჩის ფოტორეპორტაჟი ბუდაპეშტიდან – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.