საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ - ევრო2020-ის ფინალის გენერალური რეპეტიცია 
საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ - ევრო2020-ის ფინალის გენერალური რეპეტიცია 

14 ოქტომბერი, სკოპიე – „ტოდორ პროესკი არენაზე“ ერთა ლიგის ც2 ჯგუფის ლიდერები, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი 5-5 ქულით ჯგუფის ლიდერია და ამ შეხვედრამ, შესაძლოა, ჯგუფის ლიდერი და მომავალი გამარჯვებულიც გამოავლინოს.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გურამ კაშია და ოთარ კაკაბაძე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებული რომ იყო, ბელარუსთან მატჩამდე გახდა ცნობილი და ფეხბურთელი ბელგიაში უკვე კლუბს დაბრუნდა.

სამწუხარო მოულოდნელობა აღმოჩნდა გიორგი აბუჯანიას დანაკლისი – ესპანურმა „ოვიედომ“ 25 წლის ნახევარმცველი ნაკრებში მხოლოდ ორ შეხვედრაზე გამოუშვა და გიორგი უკვე კლუბის განკარგულებაშია.

უსიამოვნოა და მნიშვნელოვანი ჯაბა კანკავას არყოფნა – ეროვნული გუნდის კაპიტანმა სომხეთთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც შესარჩევ ციკლში მეორე იყო და სკოპიეში ვერ ითამაშებს – თუმცა, გუნდთან ერთად არის და ვარჯიშობს.

ცუდი ამბების დაგვირვინება გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ გავრცელებული ცნობა გახდა – სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილიც გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრას ჩვენი ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. მან ბელარუსთან და სომხეთთან ტრავმირებულმა ითამაშა და ვლადიმირ ვაისმა ამჯერად დაასვენა.

სკოპიეში ვლადიმირ ვაისი ისევ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს დაეყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ ფორმაშია და მატჩისთვის ემზადება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სომხეთთან მატჩი გამოტოვა, ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის ბევრმა მოთამაშემ.

საქართველოსა ნაკრებმა 2020 წელს ოთხი მატჩი ჩაატარა. ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში სტუმრად ესტონეთი 1:0 დაამარცხა და ჩრდილო მაკედონიასთან თბილისში 1:1 დაასრულა. 8 ოქტომბერს ვაისის გუნდი ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდა და 1:0 სძლია, ხოლო 11 ოქტომბერს „ჯვაროსნებმა“ მეორე შემადგენლობით გასვლაზე სომხეთთან მოგება ხელიდან გაუშვეს(2:2).

მეტოქის დანაკლისი

მკაცრმა სათამაშო გრაფიკმა და კოტრონავირუსმა ჩვენს მეტოქეზე ცუდი გავლენა მოახდინა და იგორ ანგელოვსკის გუნდს ექვსი მოთამაშე დააკლდა – „ნაპოლის“ საყრდენ ნახევარმცველ ელიფ ელმასს covid-19-ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და გუნდს არც ტალინში ახლდა და საქართველოსთანაც ვერ დაეხმარება. ასევე არ იქნება უნგრული „ფეჰერვარის“ ცენტრალური მცველი, ვისარ მუსლიუსი, რომელმაც თბილისში, 8 სექტემბრის შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და ორ მატჩს ტოვებს.

ესტონეთთან მატჩის შემდეგ ტრავმების გამო გუნდი ზაგრების „ლოკომოტივის“ საყრდენმა ნახევარმცველმა, არიან ადემიმ დატოვა, ასევე – „შკენდიას“ მარჯვენა მცველმა, ეგზონ ბეითულაიმ და „ტირანას“ ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან ტოშევსკიმ. ფინური ჰიკ-ის მოთამაშე, ფერხან ჰასანი ესტონეთთან მატჩის შემდეგ იგორ ანგელოვსკიმ იმიტომ გაათავისუფლა, რომ 30 წლის შემტევს ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასვლის შემთხვევაში ფინეთში დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევდა და ნაკრებიდან წასვლა მოითხოვა. საქართველოსთან მატჩისწინა ვარჯიშზე კი სტეფან სპიროვსკიც დაშავდა – ლარნაკას აეკ-ის 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს.

მათ არყოფნაში ანგელოვსკიმ 4 ახალი მოთამაშე მიიწვია – „შკენდიადან“ მარცხენა შემტევი ნახევარმცველი ლუპკო დორიევი და ცენტრალური ნახევარმცველი ენურ ტოტრე, „ვარდარიდან“ – საყრდენი ნახევარმცველი დარკო მიჩევსკი, ხოლო ალბანური „კუკეშიდან“ – მცველი ტომ კიტანოვსკიანგელოვსკის ასევე სურდა ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის, აგრონ რუფატის დამატება, მაგრამ მწვრთნელმა ვერ გაითვალისწინა, რომ მას საქართველოს წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ექნებოდა – ახალგაზრდული ნაკრებების შესარჩევში მიღებული ყვითლების გამო დისკვალიფიცერებულია და ეს სასჯელი ეროვნული ნაკრებების მატჩებზე ვრცელდება.

მეტოქისთვსის კარგი ისაა, რომ „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დმიტრიევსკი დაემატებათ, რომელიც ესტონეთთან არ იყო, რადგან covid-19-ის ტესტირებაზე პასუხს ელოდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა 5 სექტემბერს სომხეთი დაამარცხა (2:1), საქართველოსთან მატჩზე უკვე ვთქვით, ხოლო ოქტომბერი გადატვირთული ჰქონდა: 8 ოქტომბერს ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი კოსოვოსთან გამართა და 2:1 მოიგო და ფინალში შეგვხდება. 11 ოქტომბერს კი ბალკანელებმა გასვლაზე ესტონეთთან ქულა (3:3) მხოლოდ ბოლო წამებზე მოიპოვეს.

რეალურად, ეს იქნება ევრო202-ის პლეი ოფის ფინალის რეპეტიცია. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, „დინამო-არენაზე“ ამ გუნდების შეხვედრის გამარჯვებული ევრო2020-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

უეფა-მ შეხვედრის განსჯა პოლონელ მსაჯთა ბრიგადას მიანდო, მთავარი არბიტრი კი 34 წლის ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102.3-ზე განხორციელდება.