საქალაქო სასამართლოში დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს აღარ დაკითხავენ. ეს მოთხოვნა პროკურატურას ჰქონდა და დაცვის მხარეც დაეთანხმა. შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი, გამოიკვლევენ თუ არა დაცვის მხარის დანარჩენ, ანუ წერილობით მტკიცებულებებს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული დ.ღ.-ს საქმეზე პროკურატურამ უკვე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. პროცედურულად ახლა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, თუმცა პროკურატურამ განმარტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებების სადავოდ არ ცნობს. შესაბამისად, პროკურატურის პოზიციით, ეს მტკიცებულებები არ უნდა გამოიკვლიონ.
„წინა სხდომაზე მივმართეთ სასამართლოს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავო გამხდარიყო. ამას ეთანხმება დაცვის მხარეც. დღეს შევთანხმდით მხოლოდ მოწმეებზე და შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება წერილობითებზე“, – განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
ადვოკატის თქმით, ხელმეორედ მოხდა მკვლელობის საქმის მტკიცებულებების გამოკვლევა და არა ცრუ ჩვენების საქმის გამოკვლევა.
„თუ არ უნდოდა პროკურატურას ამ მტკიცებულებები გამოკვლევა, საქმე რატომ აღიძრა ამ ბავშვზე და რატომ ამყოფეს საპატიმროში? ეს თითქოს არის პროკურატურის ბინძური პიარი“, – განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
დ.ღ. ექვსი თვის წინ ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მას ჰქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან, ისაუბრა მკვლელობის საქმეზე, თუმცა სასამართლოში ეს ფაქტი აღარ დაუდასტურებია. ის თითქმის ექვსი თვე პატიმრობაში იყო, თუმცა ბრალს აღიარებდა. წინა სხდომაზე, 11 იანვარს, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და მან სხდომათა დარბაზი დატოვა.