საქალაქო სასამართლო ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]
საქალაქო სასამართლო ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

წერეთელი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად მივიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„რა ტრანზაქცია გააკეთეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა. მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, მეტი არაფერი“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიანი გირაოსა და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).