საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.

კომიტეტმა მოამზადა დასკვნის პროექტი, რომელსაც კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. პროექტი ბიუროს გადაეცემა, შემდეგ კი სესიაზე გაიტანენ და ცნობად მიიღებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა საკუთარი განცხადებით. დეტალურად აღწერა გადადგომის მიზეზები. შესაბამისად, პროცედურა როგორც მოითხოვს, პარლამენტისადმი წარდგენილია მისი განცხადება გადადგომის შესახებ. ამ საკითხს განხილვის შემდეგ ცნობად იღებს საქართველოს პარლამენტი. ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ დასკვნის პროექტი. როგორც პრემიერის განცხადებიდან ვიცით, ანრი ოხანაშვილი გადაინაცვლებს მისი მრჩევლის პოზიციაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ანრი ოხანაშვილს აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს აუცილებლად წაადგება ჩვენ ქვეყანას, განსაკუთრებით, ანალიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ მინდა, ახალ პოზიციაზე ოხანაშვილს წარმატება ვუსურვო. როგორც ვიცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე არის გათვალისწინებული მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში იქნება შესაბამისი პროცედურები მისი მოსმენის, შემდეგ საკითხი გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. ამიტომ მას, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს, მინდა,  წარმატება ვუსურვო პოზიციაზე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.