სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის პროცედურა განმარტა.

„პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით, ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები და ამაში მამუკა მდინარაძეს, როგორც სუს-ის უფროსს, სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მინდა, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა პრემიერმა.

მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეცვლის ანრი ოხანაშვილს, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.