საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გირაოთი გათავისუფლდა
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოჯახური ძალადობის ბრალდებით 28 აპრილს დაკავებულ დავით ცინარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არასაპატიმრო სასჯელით, გირაოთი შეუცვალა, რითაც დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა.
„სასამართლომ სრულად გაითვალისწინა დაცვის მხარის ყველა არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა დავით ცინარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ძალაში დარჩენილიყო პატიმრობა. როგორც კი პროცესუალურად მოგვეცა შესაძლებლობა, შუამდგომლობით მიგვემართა სასამართლოსთვის. ეს შუამდგომლობა გამოიყენა დაცვის მხარემ და სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება.
ბრალდების მხარე ძველ პოზიციაზე იყო და ცდილობდა, დაესაბუთებინა დავით ცინარიძის პატიმრობაში დარჩენის აუცილებლობა, თუმცა დაცვის მხარის პოზიცია უფრო არგუმენტირებული იყო სასამართლოსთვის.
ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, ამ საქმეზე დადგეს, ეს იქნება დავით ცინარიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი. როგორც მივედით იქამდე, რომ ბატონი დავითი დღეს თავისუფალია, სამართლიანი კანონიერი ბრძოლით, ისევე დაინახავს საზოგადოება ცოტა ხანში, რომ წარდგენილ ბრალდებაში მას არ მიუძღვნის ბრალი. აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები ვერ ქმნის იმ სტანდარტს, რაც საფუძველს იძლევა პირის მიმართ გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა კახა ხვისტანმა.
პროკურატურა დავით ცინარიძეს მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს, მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.