მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა
მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს ბრალდება წარედგინა.

როგორც საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ  მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

„მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ მოწმეები, ამოღებულ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დაინიშნა ექსპერტიზები“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდების მხარემ 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.