საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მისცემენ ხმას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მისცემენ ხმას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე მისცემენ ხმას.

მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროცესის თაობაზე, თუ როგორ წარიმართა საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა განხილვის შედეგები, თუ როგორ წარიმართა პროცესი, რომელიც მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე იყო. ყველა სუბიექტი წარმოდგენილი იყო. ასევე იცით, ამ პროცესს როგორი პოზიტიური შეფასებები მიეცა ევროკავშირის ელჩის, სახალხო დამცველის, თუ ევროპის საბჭოს მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირება არ შეფერხდეს. საზოგადოების ინტერესი ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს უზენაესს სასამართლოში. არ შეიძლება, პროცესის შეჩერება. აუცილებელია, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მართლმსაჯულების სისტემა არ შეფერხდეს და პროცესს მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატს მხარდაჭერა არ ჰქონდეს.

„საბოლოოდ ამის შესახებ კენჭისყრის შედეგებიდან გავიგებთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანი შევაფასოთ, თითოეული მათგანის შეფასება დეპუტატის მხრიდან მოხდება და დეპუტატი ისე დააფიქსირებს საკუთარ ხმას“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

მოსამართლეობის კანიდატებს არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი