საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა ირაკლი კობახიძის სამუშაო კაბინეტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

არ არის გამორიცხული, შეხვედრა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდებოდეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან მსჯელობა საორგანიზაციო საკითხებზე მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.
კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.  კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები იქნება საჭირო.