საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ბეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, – წერს გიორგი ბეგაძე „ფეისბუქზე“.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.