საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი კალანდარიშვილის, კოკა კაციტაძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს დაუჭერს მხარს
საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი კალანდარიშვილის, კოკა კაციტაძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს დაუჭერს მხარს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე, საგამოძიებო უწყებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

მდინარაძის თქმით, საუბარი შეეხო მათ შორის დიდ ბრიტანეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, უკრაინის თემას და სხვა საკითხებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას წარმოუდგინა გარკვეული ანგარიში, მოგვიყვა ბრიტანეთში ძალიან წარმატებული ვიზიტის შესახებ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებული პრემიერის გადაწყვეტილება ასევე იყო ჩვენი განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ უკრაინის საკითხებზე, პარტიის ქალთა ორგანიზაციაზე და ასევე იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა გაიმართოს რუსთავსა და ბათუმში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, მდინარაძის განმარტებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ მხარს დაუჭერენ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.

„გია ცაცაშვილს და მაია ზარიძესაც ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარლო კაციტაძეს დაუჭირონ მხარი.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს.

„არ დაგიმალავთ, განსაკუთრებით საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, ნახეთ, რომ ამის პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც კი გვქონდა. საბოლოოდ მაინც ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისიც, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და სამსახურს. პრაქტიკული გამოცდილება შესაძლებელია, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭიროს.