საპარლამენტო უმრავლესობა შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭიროს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

„ორი დეპუტატის შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე, მესამე შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას. ადამიანი, რომლის მიმართაც გამოვიდა განაჩენი, ელექტორატმა აირჩია მაშინ, როდესაც დაწყებული იყო სამართლებრივი დევნა და არა მაშინ, როცა მის მიმართ ძალაში იყო შესული კანონიერი განაჩენი. მართლა გაკვირვებას იწვევს ის არგუმენტი, რომ ორ დეპუტატთან მიმართებაში, რომლებთანაც უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა გაცდენების გამო, იურისტები ამბობენ, რომ თურმე გაცდენა უფრო ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველია, ვიდრე სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, საქმის ხანდაზმულობის ვადა პირს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„რაც შეეხება საქმის ხანდაზმულობას, ეს გამორიცხავს ადამიანის დანაშაულის დამტკიცების შემდეგ მის მიმართ სასჯელის დანიშვნას და მის აღსრულებას, სხვა სახის, მათ შორის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ არის ხანდაზმულობის არსი. მაგალითად, რომელიმე ადამიანი თუ დამნაშავედ იქნება მიჩნეული, რომლის ხანდაზუმლობის ვადაც არის გასული და ამ საკითხზე ვინმე ედავება სამოქალაქო წესით, სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან ეს ადამიანი არ თავისუფლდება. ასევე, არ თავისუფლდება იმ პასუხისმგებლობისგან, რომელსაც შეიძლება, შედეგად მოჰყვეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტა“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.