საპარლამენტო უმრავლესობა ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებაზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს
საპარლამენტო უმრავლესობა ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებაზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებაზე“ საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გაავრცელებს.

მისი თქმით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა აგრესიას, ოკუპაციას და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„მინდა გამოვეხმაურო 2018 წლის 29 მაისს ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარების“ საკითხს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევიმუშავებთ ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. მსურს, გავაკეთო შეფასება. ვთქვა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან მანიპულირებული გადაწყვეტილება და ასადის რეჟიმმა ამით მხარი დაუჭირა პრაქტიკულად აგრესიას, ოკუპაციას და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით სათანადო შეფასებები უნდა გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, რაზეც როგორც გითხარით, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.