სანიოლმა ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში სამი მოთამაშე მიიწვია #1TVSPORT
სანიოლმა ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში სამი მოთამაშე მიიწვია #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეიდან თბილისში დღეს, 29 მაისს ჩამოფრინდება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

უკვე ორი დღეა საწვრთნელ პროცესში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 28 ფეხბურთელი მონაწილეობს და მას მხოლოდ „ულსანის“ შემტევი აკლდა. ვილი სანიოლმა საწვრთნელი შეკრების მეხუთე დღე იმით გამოაცოცხლა, რომ ეროვნული გუნდის ვარჯიშზე 21-წლამდე ნაკრების სამი ფეხბურთელი მიიწვია.

სფფ-ს ცნობით, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების შეთანხმების შემდეგ, ერთჯერადად საწვრთნელ პროცესში მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი, ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და თავდამსხმელი გიორგი გაგუა ჩაერთვნენ. სამივე ფეხბურთელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ 21-წლამდე ნაკრებში დაბრუნდა და 3 ივნისს, რუმინეთთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში სრული შემადგენლობით ხვალ, 30 მაისს შეიკრიბება.