სანდრო რაქვიაშვილი - მამუკა ხაზარაძის გეგმა ნაკლებად რეალისტურია, ვიდრე ჩვენი, ოპოზიცია თუ დაიწყებს დისკუსიებს, გაიზრდება შანსი, რომ „ქართულ ოცნებასთანაც“ ვიპოვოთ კომპრომისი
სანდრო რაქვიაშვილი - მამუკა ხაზარაძის გეგმა ნაკლებად რეალისტურია, ვიდრე ჩვენი, ოპოზიცია თუ დაიწყებს დისკუსიებს, გაიზრდება შანსი, რომ „ქართულ ოცნებასთანაც“ ვიპოვოთ კომპრომისი

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა თუ იქნება რეალიზებული, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე,  რომ რეალისტურად მიაჩნიათ, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

„მამუკა ხაზარაძის ინიციატივა თუ იქნება რეალიზებული, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, იქიდანაც გათვალისწინებულია ჩვენი მოთხოვნა. მივიჩნევ, თუ „ქართული ოცნება“ წამოვა, ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების გადაწევას, ვერ ვხედავ ამის აზრს, არ გამოვა, ტექნიკურად რთულია და მიზეზებია გაურკვეველი. ერთია მნიშვნელოვანი, მგონი ეს სხვადასხვა პოლიტიკოსები ეძებენ გზას, გამოვიდნენ პოლიტიკური კრიზისიდან. თავისთავად, ეს მისასალმებელია. რამდენად რეალისტურია ესა თუ ის გეგმა. გასაგებია, რომ მამუკა ხაზარაძის გეგმა ნაკლებად რეალისტურია, ვიდრე ჩვენი, უბრალოდ ჩვენ ნაკლებს ვთხოვთ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე საუბარი სასარგებლოა და თუ ოპოზიცია დაიწყებს დისკუსიებს, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, როგორ ჩამოაყალიბებს პოზიციას, გაიზრდება შანსი, რომ „ქართულ ოცნებასთანაც“ ვიპოვოთ კომპრომისი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ამასთან, სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაწილე, კომისიას უფრო მეტი სანდოობა ექნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ იქნება საგამოძიებო კომისიის მონაწილე, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კომისიას უფრო მეტი სანდოობა ექნება. თუ არ იქნება კომისიაში, არ მგონია, დასკვნები, რომელსაც ეს კომისია დადებს, მიუხედავად იმისა, რამდენად იქნება ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი ან არასამთავრობოები, შედეგად იქნება ნაკლები სანდოობა. სხვათა შორის, თუ მე სწორად გავიგე, კომისიაში მონაწილე არ არის აუცილებელი, იყოს პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი სახითა და ფორმატით თუ მიიღებს მონაწილეობას, გამიხარდება. ზოგადად, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღებს ამ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, მით უკეთესი, თუ რა თქმა უნდა, მიზანია, დაიდოს საბოლოო დასკვნები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიას ყველაზე რეალისტურად მიაჩნია, რომ სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, 2022 წელი იმიტომ, რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება, მისივე თქმით, ერთდროულად არარეალურად ეჩვენება.