სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძემ უნდა ახსნას, რა მოხდა, რამდენიმე დღის წინ გვქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდოდა და შევხვდებოდით, ამის თაობაზე კომუნიკაცია გვქონდა
სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძემ უნდა ახსნას, რა მოხდა, რამდენიმე დღის წინ გვქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდოდა და შევხვდებოდით, ამის თაობაზე კომუნიკაცია გვქონდა

ეს ვერ იქნება რიგითი უარის თქმა, მგონი, თვითონ გიორგი ვაშაძემ უნდა ახსნას, რა მოხდა, რამდენიმე დღის წინ გვქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდოდა და შევხვდებით, ამის თაობაზე კომუნიკაცია გვქონდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება და ასევე, მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განიხილონ.

„თავად მისი ეს განცხადება იყო ცოტა უცნაური, რადგან ასე შეხვედრები სულ გვაქვს, ეს არ არის უნიკალური. ნოემბერ-დეკემბერში გიორგი ვაშაძესთან ალბათ ოთხ-ხუთჯერ ვართ შეხვედრილები. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ „ლელოზე“ და ბევრ სხვა პოლიტიკოსთან, რადგან ბუნებრივი პროცესია, როცა რაღაც ფორმატით ვიკრიბებით, გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც დასაზუსტებელია, უბრალოდ მინიმუმ ერთმანეთის მოსაზრება გავიგოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ ჩვენ არანაირი განსაკუთრებული ყურადღება არ მივანიჭეთ, რომ შეხვედრა გვექნება. უბრალოდ, რადგანაც პოლიტიკური ველი იმდენად ინფორმაციულ ვაკუმშია, გასაგებია, რომ ამაზე უფრო მეტი ყურადღება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც წარმოგვიდგენია იმ სიტუაციაში, როცა ოპოზიცია არ არის ერთიანი, როცა სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, როცა ბოიკოტი რა არის, არ ვიცით, რადგან ამ ბოიკოტში ზოგი პარლამენტარი ხელფასს იღებს, ანუ პარლამენტარის მოვალეობას ასრულებს ვირტუალურად თუ რეალურად, არ ვიცი. ასეთი უამრავი საკითხი იყო და ალბათ, სანამ ჩვენ ვიმსჯელებთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე, მეხუთე რაუნდზე უნდა გავიგოთ, ვინ სად არის. პლუს ბუნებრივია, ჩვენი იდეა, რომელიც მათ შორის გიორგიმაც მშვენივრად იცის ზეპირსიტყვიერადაც და წერილობითაც, ბუნებრივია, შეგვეძლო უკვე დეტალებზე გვესაუბრა და არა ზოგადად პრინციპებზე, როგორც მანამდე გვქონდა საუბარი“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, მისთვის გიორგი ვაშაძის განცხადება მოულოდნელი იყო.

„მე არ ვიცი უბრალოდ, რა მიზეზები აქვს. შეიძლება, ბევრი მიზეზი იყოს, მაგრამ ცხადია, რომ ეს ვერ იქნება რიგითი უარის თქმა. მგონი, თვითონ გიორგიმ უნდა ახსნას, რა მოხდა ისეთი, რომ მთელი ორი თვის განმავლობაში შეგვეძლო, გველაპარაკა და გაგვემხილა რაღაც საკითხები და დღეს, მართლა დღეს, რადგან პრინციპში რამდენიმე დღის წინ ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდოდა და შევხვდებით, ამის თაობაზე კომუნიკაცია გვქონდა. მგონი გიორგის აქვს ეს ასახსნელი, თუმცა ძალით ჩვენ არავის ვაიძულებთ, გველაპარაკოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.