სანდრო რაქვიაშვილი - ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი, ისინი ითხოვენ მმართველობითი სისტემის შეცვლას
სანდრო რაქვიაშვილი - ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი, ისინი ითხოვენ მმართველობითი სისტემის შეცვლას

ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი, ისინი ითხოვენ, მმართველობითი სისტემა შეიცვალოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, დიდი ალბათობით, ნეგატიურ დასკვნას მიიღებს.

„უცნაური კანონპროექტების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ არარსებულ პრობლემას ვაგვარებთ. ევროპელები არ გვთხოვენ კანონპროექტს, სადაც სიტყვა „ოლიგარქი“ იქნება ჩაწერილი. ისინი ითხოვენ, რომ მმართველობითი სისტემა შეიცვალოს. ანუ, ინსტიტუციურად შევცვალოთ, თუ როგორ იმართება ჩვენი ქვეყანა. ამასთან არაფერ შუაშია ივანიშვილისა თუ კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა. ეს, საბოლოო ჯამში, სისულელე გამოვა და არავინ იქნება კმაყოფილი, დიდი ალბათობით, ევროპელებიც კი არ ჩაგვითვლიან ასეთ შესრულებას. „ქართულ ოცნებას“ დისკუსია ამ ჭრილში რატომ გადაჰყავს, ეს შეიძლება, აიხსნას, მაგრამ ოპოზიციას ასეთი კანონპროექტი რატომ სჭირდება? „ქართული ოცნება“ ამ პუნქტის შესრულებას ფორმალურად უდგება — სადღაც ტექნიკურად წერია და თან ბარემ, რომელიღაც პოლიტიკურ კონკურენტს იშორებს, ორმაგ სარგებელს მიიღებს. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მიზნები უცნობია. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი გვქონდა და ყველა ვთანხმდებოდით, რომ კანონის მიღება სისულელეა და უნდა ვიმუშაოთ სასამართლოს მიმართულებით. ყველას ესმის, რომ კანონპროექტი არსებულ პრობლემაზე მორგებული უნდა იყოს და არა მოგონილზე. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ კანონპროექტი, დიდი ალბათობით, ნეგატიურ დასკვნას მიიღებს და ცდილობს, ფორმალურად გამოძვრეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ამასთან, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ.“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“.