სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რატომ აკეთებს ამას სააკაშვილი და რატომ აქვს ასეთი პროტესტი
სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რატომ აკეთებს ამას სააკაშვილი და რატომ აქვს ასეთი პროტესტი

ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა. როგორც ყველა ადამიანი, თავის თავზე აგებს პასუხს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შევაფასოთ, სააკაშვილი ამას რატომ აკეთებს და რატომ აქვს ასეთი პროტესტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები არ მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლო იყო.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ამა თუ იმ ფორმით დავალთ სასამართლომდე და სამართლიანობის ცნებაზე. ქვეყნის დიდი ნაწილი, ასობით ათასი ადამიანი არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლო იყო გამართული და ეს არის პრობლემა. ვიდრე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდება. კონკრეტულად, ვიწრო ნაწილში სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თვითონ სააკაშვილია პასუხისმგებელი, ხოლო პოლიტიკურ პრობლემაზე, რაღაც გაგებით, ყველა ვართ პასუხისმგებელი – ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“, რომ ვერ შევქმენით უკვე 30 წელია სასამართლო, რომელიც ასეთ პრობლემას მოგვიგვარებდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პირადი ექიმის განცხადების შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მოგვიანებით, ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.