სანდრო ონოფრიშვილი - საკურორტო ინფრასტრუქტურაზე პრემიერის შენიშვნას ვიზიარებთ ჩვენც და ყველა უწყება, რომელიც სამთო სფეროშია ჩართული
სანდრო ონოფრიშვილი - საკურორტო ინფრასტრუქტურაზე პრემიერის შენიშვნას ვიზიარებთ ჩვენც და ყველა უწყება, რომელიც სამთო სფეროშია ჩართული

საკურორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შენიშვნას მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი იზიარებს.

ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საზაფხულო თუ ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. ის კონკრეტულად არ საუბრობს, რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, თუმცა ამბობს, რომ პრობლემები მასშტაბურია და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით კომპეტენტური პირების შეხვედრა უნდა გაიმართოს.

„ვიზიარებთ პრემიერის შენიშვნას ჩვენც და ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია სამთო სფეროში. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში უნდა შედგეს ყველა სახელმწიფო უწყების შეკრება და დაიწყოს მექანიზმის ჩამოყალიბება, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას კურორტებზე, უფრო მობილიზებული და უფრო კარგად შევხვდეთ ზამთრის სეზონს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე და არამარტო“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, ეს პრობლემები აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორებს.

„ვფიქრობ, ამის განხილვა და იდენტიფიკაცია მოხდება. არა მარტო ჩვენ, ყველა უწყება შეიკრიბება და ერთობლივად გადაწყდება, როგორ უნდა შესრულდეს სამოქმედო გეგმა და სტანდარტები ამაღლდეს“, – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით, ზამთრის საკურორტო ზონებში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურას ტურისტების რაოდენობის შემცირება არ გამოუწვევია.

„ჩვენი საბაგიროს გაყიდულ ბილეთებთან მიმართებით გეუბნებით, რომ ჩვენ წელსაც გვაქვს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორების მატება“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დღეს ბოლო გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, საკურორტო ზონების მზადყოფნის დონით უკმაყოფილოა.

დატოვე კომენტარი