მამუკა ბახტაძემ საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი პირები გააფრთხილა
მამუკა ბახტაძემ საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი პირები გააფრთხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას, ვინც პასუხისმგებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბოლო გაფრთხილებას აძლევს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ არის კმაყოფილი საქართველოს კურორტებზე მზადყოფნით.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი, ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში.

ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად, მიიღოს ნაკადი. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, ბახტაძეს კონკრეტულად რომელიმე უწყებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განცხადება ეხება ყველას, ვისაც კურორტების სათანადო დონეზე მომზადება ევალება.

„არ მინდა, დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის სეზონს, ისევემ როგორც მომავალი ხაფხულის სეზონს, ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდებით”,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.