ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. გუნდები ახალი სეზონისათვის აქტიურად ემზადებიან და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსია“.
გასული სეზონის ჩემპიონმა პირველი სავარჯიშო კემპი გამართა, რომლის შემდეგაც გუნდის ახალწვეულმა, საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
სანდრომ პირველ რიგში, ვარჯიშებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი ძირითადად დაცვაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი მწვრთნელი დაცვაზეა ორიენტირებული და სურს, რომ ერთმანეთს ამ ასპექტში დავეხმაროთ. როცა შეტევაზე გადავდივართ უნდა, რომ უბრალოდ დინებას მივყვეთ და ვითამაშოთ რაც შეიძლება მარტივად და შანსი როცა გვექნება ვისროლოთ. დღეს ერთ-ერთ ეპიზოდში შემეძლო რომ მესროლა, მაგრამ არ ვისროლე, ის მოვიდა ჩემთან, გამაჩერა და მითხრა შემდეგში ასეთ დროს მესროლა. ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ უნდა შეტევაში საუკეთესოები ვიყოთ.“
„ბაქსის“ 54-ე ნომერმა აღნიშნა, რომ ის თანაგუნდელებისაგან ძალიან ბევრს სწავლობს.
„ყველაფერი მორგებაზეა დამოკიდებული. როცა აქ მოდიხარ და გვერდზე გყავს ისეთი კალათბურთელები, როგორებიც არიან კრისი (მიდლტონი) და ჯრუ (ჰოლიდეი), შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოს. წინა წელს, როცა კოლეჯში ვიყავი, ამ მომენტს წარმოვიდგენდი, აქ ყოფნა უკვე კარგია ჩემთვის. როგორც უკვე ვახსენე, მათგან სწავლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ყველა ცდილობს, რომ დაგელაპარაკოს და რაღაც აგიხსნას და ყოველთვის შენს გვერდზე იყოს. ისინიც დებიუტანტები იყვნენ, შესაბამისად იციან როგორ მოვიქცევი და ხანდახან ზედმეტსაც რომ ვიფიქრებ, ამიტომ გეუბნებიან, რომ ითამაშო მაქსიმალურად მარტივად და უბრალოდ დაუჯერო შენ თავს და ენდო შენ სროლას. ბობის გასახდელი ჩემს გვერდითაა და როცა რამე შეკითხვა მექნება, შემიძლია ვკითხო და ის ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ბევრი ვინმეა ვისგანაც რაღაცების სწავლა შეიძლება.“
სანდრო მამუკელაშვილმა დრაფტის ღამეც გაიხსენა.
„ჩემი წინასადრაფტო პერიოდი „მილუოკიში“ შესანიშნავი იყო, ვგრძნობდი, რომ გუნდს კარგად მოვერგებოდი. უბრალოდ მინდოდა, რომ აქ ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მოთამაშეების სჯერა. მაგალითად იანისი, რა დონეზეა ახლა და აქამდე როგორ მოვიდა, მე უბრალოდ მინდა, რომ გავხდე უკეთესი და ვიფიქრე, რომ ეს იყო ორგანიზაცია, სადაც უნდა ვყოფილიყავი. დრაფტის დროს ოთახში სიგიჟე ხდებოდა, დედაჩემს ეგონა, რომ „პეისერსში“ მივდიოდი, ბოლოს კი ყველა ძალიან ბედნიერი იყო. დრაფტამდე ორი დღით ადრე მამაჩემს „ბაქსის“ სავარჯიშო მაისური მივეცი და სიგიჟეა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ყველაფერზე რაზეც ვოცნებობდი იქ მოხდა და ამ ყველაფერს ჩემი ოჯახიც ესწრებოდა, ახლა კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ქვეყანამ იამაყოს.“
NBA-ის ჩემპიონის ახალწვეულმა ორგანიზაციაზეც ილაპარაკა.
„როგორც ვახსენე, თუ ამ ორგანიზაციაში მოხვედი და ივარჯიშე უფრო კარგი თანაგუნდელი და ადამიანი გახდები. ბევრი მიზეზის გამო ვარ ბედნიერი აქ ყოფნით, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა დრაფტზე რომელ ნომრად აგირჩევენ, თუ აქ დიდი ხანი დარჩები და განვითარდები, ისინი ამას დაინახავენ. მადლობა უნდა გადავუხადო მათ შესაძლებლობისათვის.“
მამუკელაშვილი თანაგუნდელებთან ერთად საბერძნეთშიც იყო, რაზეც მან აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე მეტად კი ის მოეწონა, რომ დასვენების დროსაც კი იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ გამხდარიყვნენ უკეთესები.
„მე უბრალოდ ვუყურებდი მათ როგორ თამაშობდნენ NBA-ის ფინალში და უცბად მათთან ერთად სანაპიროზე მოვხვდი, ჩემთან ერთად კი იანისი და თანასისი არიან. ერთად ვიყავით, კალათბურთიც ვითამაშეთ. ეს ყველაფერი საჭირო იყო, რადგან როცა დებიუტანტი ხარ, დაძაბული ხარ და თითოეული მათგანის ხილვა, როცა თითქოს შვებულებაში არიან კარგი იყო. მაშინაც კი, როცა საბერძნეთში ვიყავით, ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ გავხდეთ უკეთესები და რომ უნდა მოვიგოთ უფრო მეტი თამაში წელს. მიუხედავად იმისა, რომ ისვენებდნენ, ისინი მაინც ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ გამხდარიყვნენ უკეთესები.“
ბოლოს სანდრომ იანისსზეც ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბერძენმა კალათბურთელმა მამუკელაშვილს ბოტასიც აჩუქა, რაზეც „ბაქსის“ ახალწვეულმა აღნიშნა, რომ ანტეტოკუნმპო მოხარულია მისი გუნდში ყოფნით, რითიც სანდრო ბედნიერია.
შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილი შემდეგ სეზონს „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“ დაიწყებს. პირველ მატჩს ჩეისონ ალენის გუნდი 8 ნოემბერს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.