სანდრო ალთუნაშვილი - გაჩერებას არ ვაპირებთ, 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გვინდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სანდრო ალთუნაშვილმა განვლილ ევროპის ჩემპიონატზე თავისი ყოფილი კლუბის, „იბერიის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ილაპარაკა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ზე „იბერიის“ ხუთი აღზრდილი თამაშობდა – გიორგი გოჩოლეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლაშა დვალი და ჯიმი ტაბიძე.
„ბედნიერი ვარ, ისევე, როგორც თითოეული ქართველი, რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ევროასპარეზზე საქართველოს ჰიმნის პირველად გაჟღერება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. ევროპის ჩემპიონატზე ემოციები და პასუხისმგებლობა გაასმაგებული იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული მოთამაშისთვის. ბედნიერი ვარ, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ბევრს გავაცანით.
ვფიქრობ, რომ ყველას გვქონდა გააზრებული, როგორი მნიშვნელობის თამაშებს ვატარებდით. თითოეულმა მოთამაშემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ვფიქრობ, ერთიანობით და თანადგომით, საქმისადმი სწორი მიდგომით ამ შედეგს მივაღწიეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. ბევრი ალბათ არც ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიც გაუმჯობესდება. პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ გაჩერებას და 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გვინდა.
თანაგუნდელებმა „ვოლფსბერგერიდან“ საქართველოს ნაკრების წარმატება მომილოცეს. ძალიან მოეწონათ ჩვენი თამაში. მიხარია, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს საქართველო და ჩვენი სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანეთ. ახლა ორკვირიანი დასვენება მაქვს და 16 ივლისიდან გუნდთან ერთად განვაახლებ ვარჯიშს“.
სანდრო ალთუნაშვილმა საფეხბურთო კარიერა „საბურთალოს“ (ამჟამად „იბერია 1999”) აკადემიაში დაიწყო. თბილისური კლუბის მაისურით ეროვნულ ლიგაში 143 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. „იბერია 1999-ის” რიგებში 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა, კლუბთან ერთად ასევე გახდა საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი.