„სამტრედიაში“ აზერბაიჯანელი ახალწვეულია - „ყარაბახის“ თავდამსხმელი ეროვნულ ლიგაში წლის ბოლომდე ითამაშებს #1TVSPORT
„სამტრედიაში“ აზერბაიჯანელი შემტევი ნახევარმცველი რუსლან გაჯიევი ჩაიირცხა, – ამის შესახებ მან კომენტარი „აზერისპორტთან“ გააკეთა.
„ახალ კლუბთან კონტრაქტი ექვსი თვით გავაფორმე. მინდა, რომ გუნდს დავეხმარო და ჩემი საუკეთესო თვისებები ვაჩვენო. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა. აზერბაიჯანში კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტიც მქონდა, მაგრამ საქართველო ავირჩიე, რადგან ის კარგ ტრამპლინად მიმაჩნია. უფრო ძლიერ ჩემპიონატზე გადასვლა და ევროპაში თამაში მსურს”, – განაცხადა რუსლან გაჯიევმა.
23 წლის გაჯიევი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მისი ტრანსფერი ზაფხულამდე „ყარაბახს“ ეკუთვნოდა, მაგრამ ბოლო ორი სეზონი იჯარით „საბაილში“ თამაშობდა, სადაც 2019 წლის დასაწყისში გადავიდა.
გასულ სეზონში რუსლან გაჯიევმა „საბაილში“ 15 მატჩი ჩაატარა, გოლით და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. ახლა 23 წლის თავდამსხმელს „ყარაბახთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.