სამსონ ქუთათელაძის მეუღლე აცხადებს, რომ გამოძიება სწორად წარიმართა და ობიექტურ შედეგამდე მივიდა
სამსონ ქუთათელაძის მეუღლე აცხადებს, რომ გამოძიება სწორად წარიმართა და ობიექტურ შედეგამდე მივიდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე სამართალდამცველებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გამოძიება სწორად წარიმართა და ობიექტურ შედეგამდე მივიდა.

მეგი სირბილაძე მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახს პასუხობს და ამბობს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი ბრალდებულის გარდა არავისთან ჰქონია.

„სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ შსს-ს და ყველა სამართალდამცველს, ვინც მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებაში. ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო და ამის საფუძველიც გვქონდა, რადგან მასა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ფინანსური უთანხმოება. სწორედ ეს უთანხმოება იყო  მკვლელობის მოტივი. საკმაოდ ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მეუღლეს სხვა პიროვნებებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, ის საერთოდ უკონფლიქტო პიროვნება იყო. ამით მე ვპასუხობ დაკავებული პირის ოჯახის განცხადებას, თითქოს ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი“,-აცხადებს მეგი სირბილაძე და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს  გამოძიების ყველა დეტალს და მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – გიორგი ჭანტურია.

 

დატოვე კომენტარი