ნათია მეზვრიშვილი - გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია
ნათია მეზვრიშვილი - გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1981 წელს დაბადებული გ.ჭ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.

ამასთან, შსს-ს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

დატოვე კომენტარი