სამშვიდობო პროექტის პრეზენტაცია - ამ სიკეთით ჩვენმა ოსმა ძმებმაც უნდა ისარგებლონ
სამშვიდობო პროექტის პრეზენტაცია - ამ სიკეთით ჩვენმა ოსმა ძმებმაც უნდა ისარგებლონ

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ერგნეთში საერთაშორისო სამშვიდობო პროექტის პრეზენტაცია და კოტე მახარაძის სახელობის თასზე სამშვიდობო მატჩი გაიმართა.

ინიციატორი სამშვიდობო ორგანიზაცია „ქართლია“, რომელსაც გიორგი სამხარაძე ხელმძღვანელობს – ეროვნული კატეგორიის არბიტრი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ემსახურება.

ერგნეთში იმყოფებოდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები, კოტე მახარაძის შვილი, ივიკო მახარაძე. მატჩის მსვლელობისას, რევაზ ძოძუაშვილი ერგნეთის გუნდს დაემატა, ხოლო მანუჩარ მაჩაიძე – ნიქოზელ ბავშვებს. ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც ცხინვალშია დაბადებული.

კოტე მახარაძის სახელობის საფეხბურთო მატჩში ერთმანეთს ერგნეთისა და ნიქოზის გუნდები შეხვდნენ. პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანი სოფელ ერგნეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობაა, რომლითაც ქართველი და ოსი ბავშვები ისარგებლებენ. გიორგი სამხარაძის თქმით, პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს.

„საოკუპაციო ზოლთან მაცხოვრებელ ბავშვებს არც ნორმალური სტადიონი აქვთ, არც – გასახდელები და საშხაპეები. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ევროკავშირის პრეზიდენტისგან მივიღეთ წერილი, რომელიც ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სტადიონის მშენებლობის იდეას იწონებს. მასთან ერთად, დახმარებას ხელისუფლება, ფეხბურთის ფედერაცია და ბიზნესმენები გვპირდებიან. ჩვენი მიზანია, რომ ამ სიკეთით მარტო ჩვენ კი არა, ჩვენმა ოსმა ძმებმაც ისარგებლონ“, – ამბობს გიორგი სამხარაძე.

ანზორ კასრაძე, ერგნეთის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი: „ერგნეთში მოწესრიგებული სტადიონი და კარგი მოედნის საფარი აუცილებელია, რადგან მიმდებარე სოფლებში ბევრი ნიჭიერია ბავშვია და მათ გასაქანი მიეცემათ. ეს ფეხბურთის მასობრიობისთვისაც მნიშნელოვანი იქნება და სოციალური კუთხითაც. დაპირებებიც არის და იმედია, მალე კარგი სტადიონი გვექნება“.