სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - თვითმფრინავი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - თვითმფრინავი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა თბილისში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

მათივე ცნობით, თვითმფრინავი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის.

„მედიასაშუალება „ndtv.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ საქართველოს სატვირთო თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის. AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანიას („Motor Sich”) რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ტელეკომპანია „ენ-დი-ტივიმ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს დაშვება აიძულეს მას შემდეგ, რაც საფრენმა აპარატმა დადგენილი კურსიდან გადაუხვია.