სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება უკვე ელექტრონული ფორმით​ არის შესაძლებელი
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობის მიღება უკვე ელექტრონული ფორმით​ არის შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დანერგა სიახლე – სახის სამოქალაქო აქტი: დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი დარეგისტრირდება და შესაბამისი აქტის რეგისტრაციის მოწმობაც გაიცემა ელექტრონული დოკუმენტის ფორმით.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის საააგენტოს სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

სიახლის შედეგად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც დაზოგავს მათ დროსა და რესურს. დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება, ელექტრონული მოწმობის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენა, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და მზა დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა).

სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების მისაღებად მოქალაქემ განაცხადი ელექტრონულად უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ხოლო სამოქალაქო აქტების პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს, ორივე შემთხვევაში ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელთა მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე და sda.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა, ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლება.

ამასთან, როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საკანონმდებლო ცვლილებით, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ, შესაბამისი ვებპორტალიდან მხოლოდ კონკრეტული კოდის მფლობელ პირს შეეძლება ელექტრონული დოკუმენტის ნახვა და ჩამოტვირთვა.

„მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ელექტრონული მოწმობის მატერიალური ასლი, რომლის მიღების სურვილს იგი აფიქსირებს შესაბამისი განცხადების წარდგენისას.

ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმამ შესაძლებელი გახადა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები (დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების) გამოცემულიყო ელექტრონული დოკუმენტის ფორმით.

სააგენტო საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმის ფარგლებში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.

ელექტრონული სერვისების განვითარებამ და დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის დოკუმენტბრუნვა და აამაღლა დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.